ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით "ახალ კომპრომისზე" შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან საკვები პროდუქტების უტარიფო იმპორტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

კერძოდ, ევროკავშირის ელჩები "შეთანხმდნენ ახალ კომპრომისზე" უკრაინასთან სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს "დაბალანსებულ მიდგომას უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ბაზრების დაცვას შორის."

ბელგიის ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ელჩებმა მოახერხეს „დაბალანსებული მიდგომის პოვნა უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის აგრარული ბაზრის დაცვას შორის.“


შეთანხმება, რომელიც დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეცემა, ითვალისწინებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერების კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე გაგრძელებას. ევროკომისიას შეუძლია მიიღოს გადაუდებელი ზომები და გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, თუ უკრაინული იმპორტი მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს ცალკეული ქვეყნების ან მთელი ევროკავშირის ბაზარზე.


რეგულაცია ითვალისწინებს „გადაუდებელ დამუხრუჭებას“ განსაკუთრებით „მოწყვლადი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, კერძოდ ფრინველის, კვერცხის, შაქრის, შვრიის, სიმინდის, მარცვლეულისა და თაფლის იმპორტზე.

ევროკომისიამ ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს უკრაინული ხორბლის იმპორტის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. კერძოდ, თუ ამ პროდუქციის იმპორტი 2021 წლის საშუალო მოცულობას გადააჭარბებს, გადასახადები ხელახლა შემოვა. ევროკომისიის გადაუდებელი ზომების ამოქმედების ვადა 14 დღეა.